შესავალი
მომავალი ნაშრომის მიზანი ჰანა არენდტისა და ჯორჯო აგამბენის ფილოსოფიური ტექსტების მეშვეობით მჭვრეტელობითი და ქმედითი სიცოცხლის ფორმების კვლევა და მათი ანტიკური და შუასაუკუნეების პარადადიგმათა კონტექსტში განთავსება და ინტერპრეტაციაა.
თუ ფილოსოფია კონცეპტების კონსტრუირების და აქტუალურ სააზროვნო ველში მათი გამოყენება-მისადაგების ხელოვნებაა, ის აუცილებლად სხვადასხვა თეორიულ ტრადიციას უნდა ეფუძნებოდეს. კონცეპტების ფაბრიკაციული წესით დამზადება უკვე თავისთავად ძალადობრივი აქტია, რომელიც პირველადი მნიშვნელობისა და ისტორიულ-თეორიული განპირობებულობის უგულვებელყოფითა და დავიწყებით უფრო მძაფრდება.
თანამედროვე იტალიელი ფილოსოფოსის, ჯორჯო აგამბენის შრომები პოლიფონიურია და განსხვავებული ავტორების, ეპოქებისა და პრობლემური დისკურსების შეხვედრა-დიალოგის ადგილს წარმოადგენს. აგამბენი თანამედროვე ფილოსოფიური, პოლიტიკური თუ კულტურული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გააზრებისთვის, კონცეპტის არქეოლოგიურ-გენეალოგიურ მეთოდს იყენებს და კონკრეტულ შრემდე დაყვანით მისი თავდაპირველი საზრისის და გამოყენების პრაქტიკის რეკონცეპტუალიზაციას ცდილობს. ჯორჯო აგამბენის რეფლექსია ანტიკური და შუასაუკუნეების ფილოსოფიით უხვად არის განმსჭვალული. ის ფიქრობს და წერს პლატონზე, არსიტოტელეზე, სტოიკოსებზე, ეკლესიის მამებსა და სხვა მნიშვნელოვან ფიგურებზე. თუმცა, აგამბენი საკუთარ ფილოსოფიურ დისკურსში ყველაზე ხშირად და წარმატებითაც არისტოტელურ კონცეპტუალურ აპარატს იყენებს და მათ მოდერნულ ფილოსოფიურ კონტექსტში აქტუალიზაციას ახერხებს. „ლინგვისტური
ელემენტები
ენაში
ყოველგვარი
დენოტაციის
გარეშე
არსებობენ,
რომელსაც
ისინი
თავად
დისკურსში
იძენენ,
ასევე
საგანგებო
მდგომარეობაში, ნორმა სინამდვილესთან
ყოველგვარი
რეფერენციის
გარეშე
ძალაში
მყოფია“ [G. Agamben 2005: 37]. ეს ციტატა აგამბენის „საგანგებო მდგომარეობიდან“ არისტოტელეს შესაძლებლობა-სინამდვილის იმპლიციტური ილუსტრაციაა, რომელიც აგამბენმა ლინგვისტური და სამართლებრივი კატეგორიების შედარებისთვის გამოიყენა.
როგორც აგამბენის, აგრეთვე ჰანა არენდტის შემთხვევაში ჩვენი მიზანი მჭვრეტელობითი და ქმედითი სიცოცხლის ფორმების დიქოტომიის ანალიზი და კვლევაა. თავად აგამბენი ხშირად ეფუძნება და ავითარებს არენდტის თეორიულ მსჯელობას[1]. ის ერთგან, თავის მეთოდოლოგიურ მიდგომას განმარტავს ლიუდვიგ ფოიერბახის სიტყვით Entwicklungsfähigkeit, რაც სიტყვა-სიტყვით განვითარების უნარს ნიშნავს. ამგვარ შესაძლებლობად ესახება მას ფუკოს ბიოპოლიტიკური პარადიგმა, რომლის დაუსრულებლობა მისი განვითარების შესაძლებლობას იძლევა. აგამბენისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის, რაც განვითარებადია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აგამბენის მიზანი გამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნა, ან რომელიმე თეორიული წამოწყების დასრულებაა. „Entwicklungsfähigkeit“ არ შემოიფარგლება მხოლოდ ფუკოს შრომებით, ის მიესადაგება ყველა იმ ტექსტსა და ავტორს, რომელიც აგამბენისთვის ძვირფასია, მათ შორის ჰანა არენდტს, არისტოტელეს, ვალტერ ბენიამინსა და მარტინ ჰაიდეგერს.
[1] (სხვათაშორის
ახალგაზრდა აგამბენმა ჰანა არენდტს მადლიერების წერილიც კი გაუგზავნა, ძალადობის შესახებ
თანდართული ესსეთი)
No comments:
Post a Comment